შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებზე ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა. კრიმინალური პოლიციის უფროსმა უკვე დაანონსა, რომ ინაუგურაციის დღეს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება, ისევ არის მოსალოდნელი.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, რადგან ივანიშვილი 800 ათასზე მეტი ხმის მიღებას მთავარ ოპოზიციურ ძალას არ პატიობს.
„ბატონ დავით კირკიტაძეს არაფერი არ გაუკეთებია იმისთანა, რომელიც მის მოქალაქეობრივ უფლებებში არ იყო. ბიძინა ივანიშვილის პირადი ბუღალტერი, ახლა ცდილობს ამითი პოლიტიკური პროცესი და თავისი მარცხი, როდესაც 900 ათასმა ადამიანმა, ამ ე.წ. ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა, გადაიტანოს დაპირისპირებაში, ერთმანეთთან დისკუსიაში, საზოგადოების გახლეჩვაში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ელოდებიან, რომ დაკავებების სერია გაგრძელდება.
„უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც წაგებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არსებული დემოკრატია ჩანასახში დაასამარა. პოლიტიკური რეპრესიები და დღეს კირკიტაძე არის პოლიტპატიმარი, არც ერთ ხელისუფლებას არსად არ შერჩენია. ამ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლება, ძალიან მალე დაასრულებს თავის ყოფნას,“-აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.