სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაათვალიერა და საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დიმიტრი გაბუნია მისი საპარლამენტო მდივანი, ხოლო ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება.
პრესსამსახურს კი ნათია პავლიაშვილი უხელმძღვანელებს.
მას არ უსაუბრია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობაზე. თქვა, რომ ადმინისტრაცია ორშაბათისთვის უკვე დაკომპლექტებული იქნება.
„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და დიმა გაბუნია ამ დილით, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან არის უკვე ბევრი საქმე. ნატია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა ეს ჯგუფი გაძლიერდება.
კვირის ბოლოს ან ორშაბათს გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ჯგუფი ადმინისტრაციის. მოგიწვევთ, აქ იქნება თქვენი სახლი და ჩვენ გვექნება სხვადასხვა ფორმატის ურთიერთობა,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის განცხადებით, შეიქმნება მედია კლუბი, სადაც ის ჟურნალისტებთან გარკვეულ საკითხებზე ისაუბრებს.