19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
სალომე სამადაშვილმა იურიდიული კომიტეტი დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, იურიდიული კომიტეტი დატოვა. მიზეზი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განვითარებული პროცესები გახდა. 

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ კომიტეტი არ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, დეპუტატებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ, შესაბამისად ის კომიტეტში დარჩენის საფუძველს ვერ ხედავს.

შესაბამისი განცხადებით დეპუტატმა ბიუროს უკვე მიმართა. სალომე სამადაშვილი ითხოვს საქმიანობა ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელოს.

 „მე ამ კომიტეტში არ წარმოვადგენ საკუთარ თავს, მე ამ კომიტეტში წარმოვადგენ 800 ათასზე მეტ ქართველ ამომრჩეველს და სწორედ ამ კომიტეტის ვალდებულებაა, რომ პასუხი გასცეს იმ შეკითხვებს, რომელიც აქვს 800 ათას ქართველს დღეს ხელისუფლებასთან. მათ შორის ბატონ გახარიასთან, რამდენადაც დღეს საქართველოში, ყველაზე მწვავე პრობლემა არის ადამიანის უფლებების პრობლემა და ზოგადად, საქართველოში როგორც ჩანს, დემოკრატია გაუქმებულია და იურიდიულ კომიტეტში არ გვეძლევა შესაძლებლობა, ამ მწვავე საკითხებზე ვისაუბროთ, მე პირადად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ იურიდიული კომიტეტი დავტოვო, მოითხოვო ადამიანის უფლებების კომიტეტში გაწევრიანება, იმიტომ რომ იქ, იმედი მაქვს, ვერ დაბლოკავენ ჩემს საპარლამენტო საქმიანობას, იმ მიზეზით, რომ ესა თუ ის საკითხი არ შედის კომიტეტის დღის წესრიგში ან კომიტეტის მანდატში. ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს და მივმართავ დღესვე შესაბამისი თხოვნით პარლამენტის ბიუროს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციის წევრებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციამ დღეს ორი დღის წინ კახეთში მომხდარ დაპირისპირებასა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძეზე საუბარი სცადა, რისი უფლებაც მათ კომიტეტის თავმჯდომარემ არ მისცა. 

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ იყო და ოპოზიციის ლიდერებს მიკროფონები რამდენჯერმე გამოურთო. 

კამათი დაპირისპრიებასა და ურთიერთ ბრალდებებში გადაიზარდა. 

დღის ამბები