ეკა ბესელია არის იურიდიული კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ გააკეთა.
კახიძემ კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციამ დღეს ორი დღის წინ კახეთში მომხდარ დაპირისპირებასა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძეზე საუბარი სცადა, რისი უფლებაც მათ კომიტეტის თავმჯდომარემ არ მისცა.
ოთო კახიძის თქმით, მას სურდა კომიტეტის ხელმძღვანელს მიეცა დრო პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად და დეპუტატებს დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია განვითარებულ პროცესებზე.
კახიძე იურიდიული საკითხთა კომიტეტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.
„ქალბატონი ბესელია არის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე იურიდიული კომიტეტის, რომელიც ჰყოლია საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან, მე მოვითხოვე წუთ-ნახევარი რეგლამენტი, რომ ჩემი აზრი ჩამომეყალიბებინა და ამის საშუალებაც კი არ მომეცა. რაც შეეხება კომიტეტის დატოვებას, ამასთან დაკავშირებით მე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, ვინაიდან ვარ ფრაქციის თავმჯდომარე და უმცირესობის წევრი და უმცირესობის ფარგლებში ჩვენ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, ვიმსჯელებთ და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. უბრალოდ, როდესაც პარლამენტში პოლიტიკოსს არ ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება და მას მიკროფონს ურთავენ, ეს კიდევ ერთხელ ახდენს პროცესების რადიკალიზაციას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.