19 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
გურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის, სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოსთან ხვალ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება 3-საათიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ოპოზიცია ამბობს, რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და ბიძინა ივანიშვილმა მას რუსთავში საპრეზიდენტო არჩევნების მოგება არ აპატია.

დავით კირკიტაძე ამ დრომდე თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და უკვე მეორე დღეა, შიმშილობს. მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია, რა მუხლით წარუდგენენ ბრალს კირკიტაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით კი, სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლს წაუყენებენ, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

ოპოზიციის ლიდერების დევნაზე და ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე დეტალური ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა დღეს დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს.

ოპოზიციის ინფორმაციით, პოლიტიკური დევნა დავით კირკიტაძის დაჭერით არ დასრულდება. ოპოზიციაში ელოდებიან, რომ დაკავებების სერია გაგრძელდება.

გრიგოლ ვაშაძის შტაბში ამბობენ, რომ ქართული ოცნების მუქარის მიუხედავად, პოლიტიკური ბრძოლა არ შეჩერდება. გაერთიანებული ოპოზიცია ყველა მოთხოვნას ძალაში ტოვებს, მათ შორის, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და საარჩევნო კამპანიის დროს ყველა გახმაურებული საქმის ობიექტურად გამოძიებას.

 

 

 

დღის ამბები