ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ყოფილი მინისტრი აცხადებს, ის ინფორმირებულია, რომ ლონდონში "ომეგა ჯგუფის" საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროცესზე გამოსაკითხად დაიბარებენ. თუმცა დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მან წერილი მხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელი ადვოკატისგან მიიღო, წერილში კი მხოლოდ ის ეწერა, რომ ის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში სასამართლოს ინტერესის ობიექტს წარმოადგენს.
როგორც ქუმსიშვილი ამბობს, მას შემდეგ ლონდონში მიმდინარე საქმის შესახებ აღარავინ დაჰკავშირებია და არ იცის დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე.
ყოფილი ვიცე-პრემიერის თქმით, ის თავად ითხოვს პროკურატურისგან გამოიძიონ "ომეგა ჯგუფის" საქმე და აცხადებს, რომ ის არ ფიგურირებდა იმ გარიგებაში, რომელზეც ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში საუბრობენ.
"წერილში ეწერა, რომ არის ერთი ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ესე იგი, სარჩელი შეიტანოს მეორე ჯგუფის მიმართ და მათ შორის ჩემი სახელიც არის იქ გაჟღერებული, რაზეც მე პასუხი გავეცი, რომ არანაირი კავშირი არანაირ კონსპირაციასთან არ მაქვს. თუ გამოძიება დაადგენს, რომ სხვა რაღაცა ხდებოდა უნდა დადგინდეს.
"მე ზუსტად ვიცი, რომ არანაირი შემხებლობა ამ საკითხთან არ მაქვს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემს სიმართლეს დავიცავ. პირადად მე ამ ჯგუფთან ვარ ერთხელ შეხვედრილი, სადაც ძალიან ისეთი, მწვავე კამათი იყო, იმასთან დაკავშირებით ეკუთვნოდათ თუ არ ეკუთვნოდათ საერთოდ გადავადება ამ ჯგუფს. თუმცა საბოლოო ჯამში, იმ კონკრეტულ მომენტში გადავადება მოხდა. შემდგომ მე ამ ჯგუფთან ასე ვთქვათ, კომუნიკაცია არ მქონია და აქედან გამომდინარე ჯობია, რომ გამოვითხოვოთ საბუთები,“-განაცხადა ქუმსიშვილმა.