საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა, რომლის ავტომობილსაც თელავში, ინაუგურაციის დღედ მინები ჩაუმსხვრიეს, საქმის დროულ გამოძიებას და თავდამსხმელი პირის იდენტიფიცირებას ითხოვს.
ხულორდავა ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის მანქანაზე თავდამსხმელი პირი სუს-ის პროვოკატორია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, სწორედ ეს ადამიანი გამოირჩეოდა ყველაზე დიდი აგრესიით თელავში ინაუგურაციის შემდეგ მომხდარი ინციდენტის დროს.
„მეც ძალიან მაინტერესებს ეს ადამიანი ვინ არის, იმიტომ, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იმ ჯგუფში, რომელთანაც უშუალოდ მომიწია შეხება თელავში ამ ინციდენტის დროს. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩართული კამერების წინ, მე არ მგონია, რომ დიდი სირთულე იყოს ამ პიროვნების დადგენა. მე რამდენადაც ვიცი, გამოძიება ამ საკითხზე მაშინვე დაიწყო, ჩვენ იმ დღესვე ვესაუბრეთ შედგა ოქმი, ერთი დღის შემდეგ უკვე გამოვიკითხეთ გამომძიებლის მიერ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე კონკრეტული პასუხები ექნება შსს-ს,“ - განაცხადა ხულორდავამ.
აღნიშნულ თავდამსხმელ პირს გაერთიანებულ ოპოზიციასთან კავშირი რომ არ აქვს, ამაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა. დეპუტატის შეფასებით, სწორედ ხელისუფლების ინტერესშია, აღნიშნული პირი ოპოზიციის მხარდამჭერად წარმოაჩინოს.
„სავარაუდოდ, ხელისუფლება სათავისოდ იყენებს ამ ფაქტს, სადაც თითქოსდა მშვიდობიანი პროტესტანტების მხრიდან მოხდა ასეთი ტიპის თავდასხმა. ჩემი ინფორმაციითაც, ამ ადამიანს არანაირი კავშირი ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებასთან არ აქვს და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებდი ნამდვილად ხელისუფლებას, რომ მისდიოს ამ საქმეს ბოლომდე,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
დღეს გიგი უგულავამ შს მინისტრს თელავში მომხდარი ინციდენტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. უგულავას თქმით, აღნიშნული პირი თელავის აქციის გარდა, ასევე იმყოფებოდა თბილისში, 2 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც პრორუსული შინაარსის ბანერი ეჭირა, რამაც მოქალაქეებში გაღიზიანება გამოიწვია.