19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
TI-ის კვლევა - ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები საჩუქრად იღებენ

ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები - ეს იმ საჩუქრების ჩამონათვალია, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები, ნათესავებისგან და სრულიად უცნობი პირებისგან იღებენ.

კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჩუქრები, საჯარო მოხელეების დეკლარაციებშია შეტანილი და ყველაზე ხშირად ძვირადღირებულ საჩუქრებს დეპუტატების მეუღლეები ახლო ნათესავებისგან იღებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, მაღალი თანამდებობის პირებს ოჯახის წევრებისგან საჩუქრების მიღება შეუძლიათ, თუმცა, შესაძლოა, ეს გამოყენებული იყოს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის.

„რეალურად, შესაძლებელია, რომ ეს იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია მოხდეს. ამიტომ, შესაბამისმა ორგანოებმა, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები უნდა შეისწავლონ,“ - განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, 11 დეპუტატისთვის ძვირადღირებული საჩუქრის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, სადაც საკმაოდ დიდი ქონების გადაცემა დაფიქსირდა ოჯახის წევრების მხრიდან.

კვლევის თანახმად, 11 დეპუტატიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ხოლო ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი.

დღის ამბები