აშშ-ის თავდაცვის მდივნის საკმაოდ ხმაურიან წასვლას ამერიკელი ექსპერტები და პოლიტიკოსები აფასებენ. მათი თქმით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, თუ რამხელა განსხვავება იყო პენტაგონის ხელმძღვანელის შეხედულებებს და დონალდ ტრამპის პოლიტიკას შორის.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჯეიმს მატისის მიერ ტრამპთან გაგზავნილმა გადადგომის წერილმა ხაზი გაუსვა ფუნდამენტურ უთანხმოებებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ამერიკელი ექსპერტები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ დონად ტრამპი ქვეყანას ქაოსში ძირავს და ჯეიმს მატისის წერილის შინაარსზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ზოგიერთმა მედიასაშუალებამ თქვა, რომ ეს მყისიერი შედეგი იყო შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, სირიიდან ჯარების გამოყვანის შესახებ. თუმცა დაძაბულობა იმ დროიდან მწიფდებოდა, როდესაც ის თანამდებობაზე დაინიშნა. განსაკუთრებით, ბოლო თვეებში იყო განსხვავებები იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებოდა მეთაური. არ არსებობდა სააგენტთაშორისო კონსულტაციები. არის წუხილები მოკავშირეების მიმართ აღებული ვალდებულებების შესახებ, ძალების შემცირების თაობაზე ავღანეთში. რაც შეეხება ამერიკის ვალდებულებებს საქართველოსთან და უკრაინასთან, აქამდე ისინი ზომიერი იყო,“- განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორმა, რიჩარდ ვეითსმა.
დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში პენტაგონის ხელმძღვანელი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამერიკა თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს ეფექტურად ვერ შეასრულებს თუ მოკავშირეებს და ძლიერ ალიანსებს პატივს არ სცემს.
„თავდაცვის ყოფილი მდივანი მართალია. უპირატესობა, რომელიც რუსეთთან და ჩინეთთან შედარებით გვაქვს, არის ის, რომ ამერიკას მრავალრიცხოვანი მოკავშირე ჰყავს. ამ ქვეყნებს გააჩნიათ შეიარაღებული ძალები, იხდიან თანხას ამერიკის სამხედრო მხარდაჭერისთვის, იბრძვიან ჩვენთან ერთად სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ფრანგული კონტინგენტი სირიაში. შეერთებულ შტატებს სირიაში მცირე ბერკეტები დარჩება. მას შეუძლია ვეტო დაადოს რეზოლუციებს გაეროს უშიშროების საბჭოში. სავარაუდოდ, ამერიკა დასჭირდებათ სირიის რეკონსტრუქციისთვისაც, მაგრამ ეს მაინც გამოიწვევს ბევრი პარტნიორის და მოკავშირის შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში და ვშიშობ, სხვა ადგილებშიც, მათ შორის საქართველოში,“- განაცხადა რიჩარდ ვეითსმა.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ ჯარის გამოყვანის დრო მოვიდა, ჩრდილოეთ სირიის დატოვებას არ აპირებს საფრანგეთი, რადგან თვლის, რომ ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არ დამთავრებულა. ჯეიმს მატისის თანამდებობიდან წასვლას სწრაფადვე მოჰყვა რეაქცია კონგრესში.
„დღევანდელმა მოვლენებმა ერთი რამ ნათლად დაგვანახა. პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანას ქაოსში ძირავს. საფონდო ბაზარი 500 პუნქტით ეცემა. გენერალი მატისი გადადგა. ვიცით, რომ მას სერიოზული უთანხმოება ჰქონდა პრეზიდენტთან სირიის და კედლის საკითხებზე,“- განაცხადა აშშ-ს სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაქ შუმერმა.