19 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს აცხადებს და რიგგარეშე სესიას არ ესწრება

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. განაცხადი პოლიტიკური მოტივებით გამოცხადებული ბოიკოტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე წაიკითხა. 

პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე მოამზადა დასკვნაც.

ახალი რეგლამენტით ნებისმიერ პარტიას პოლიტიკური შეხედულების გამო, შეუძლია, ბოიკოტი გამოაცხადოს.

„შაბათს დაინიშნა რიგგარეშე სესია, ასევე ორი სხდომა იქნება მომავალი კვირის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ პოლიტიკური პროტესტის ნიშნად, რეგლამენტის სრული დაცვით, გამოვტოვებთ და ამით კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ ქვეყანაში არსებულ ტერორს და პოლიტიკურ დევნას. ახალი რეგლამენტი უმრავლესობამ შემოიღო საკუთარი ურჩი და უქნარა დეპუტატების საწინააღმდეგოდ. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ პარლამენტს 12 საათზე დაეწყოს მუშაობა, ვერ აგროვებდნენ კვორუმს. რაც შეეხება კენჭისყრებს, საქართველოში მიღებული კანონების ნახევარზე მეტი არის უკანონო., კენჭისყრები ხდებოდა პულტების მანიპულაციით, დარბაზში ხალხი არ იყო, პულტები ჰქონდათ გარჭობილი. ეს ისწავლეს ახალი მეთოდი და არარსებული დეპუტატის ნაცვლად, პულტით აძლევდა ხმას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

თუმცა მოგვიანებით მმართველმა გუნდმა ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ‘ნაციონალურ მოძრაობა“ ცდილობს, რომ მათთვის ხელფასი არ ჩამოაკლდეთ.

„პოლიტიკურ ორგანოში პარლამენტის წევრს უნდა შეეძლოს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა მუშაობაში და ამის გამო ის არ უნდა დაისაჯოს. მაგრამ რასთანაც ჩვენ გვაქვს დღეს საქმე, ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ ეს არის საბაბი, რომ ამ მუხლით აიცილონ თავიდან ხელფასის დაქვითვა და გააცდინონ კომიტეტის და პლენარული სხდომების შეხვედრები, რაც, ჩემი აზრით, არის კანონში არსებული სწორი ჩანაწერების ბოროტად გამოყენება,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები