სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდება შესაბამისად, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები მაისის თვეში უნდა გაიმართოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა ვინ იქნება კანდიდატი არ აკონკრეტებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კარგი იქნება თუ კანდიდატი ის პირი იქნება, ვისაც მთაწმინდის მოსახლეობა კარგად იცნობს.
ერთ-ერთ ვერსიის მიხედვით, სავარაუდო კანდიდატად ჯაბა ჯიშკარიანი განიხილება, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები დადებითად ახასიათებენ.
„მგონია, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, ცნობადი სახე იქება თუ სხვა ნიშნებით გამორჩეული, მთლიანობაში უნდა ემსახურებოდეს ერთ მთავარ მიზანს, რაც შეიძლება მეტი კომპეტენცია ჰქონდეს თავის საკითხებში და რაც შეიძლება ერთგული იყოს თავისი ქვეყნის და თუნდაც, თავისი რაიონის. რატომაც არა, ჯაბა ჯიშკარიანიც,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ კანდიდატს საბოლოოდ კონსულტაციების შემდეგ დაასახელებენ.
„მე მგონი, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ახლა დანარჩენზე საუბარი, არის მჩხიბაობა და მკითხაობა, ასე, რომ მე ამ საქმეში არ ვმონაწილეობ ხოლმე. ვნახოთ, მოვა დრო და, ალბათ, შევჯერდებით კანდიდატზეც და იმაზეც თუ რა ფორმით მივიღოთ მონაწილეობა,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.