„ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ ეს არის საბაბი, რომ ამ მუხლით აიცილონ თავიდან ხელფასის დაქვითვა,“- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს საკანონმდებლო ორგანოში სხდომებზე არდასწრების შესახებ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ მათ ხელფასი არ ჩამოაკლდეთ.
„პოლიტიკურ ორგანოში პარლამენტის წევრს უნდა შეეძლოს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა მუშაობაში და ამის გამო ის არ უნდა დაისაჯოს. მაგრამ რასთანაც ჩვენ გვაქვს დღეს საქმე, ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ ეს არის საბაბი, რომ ამ მუხლით აიცილონ თავიდან ხელფასის დაქვითვა და გააცდინონ კომიტეტის და პლენარული სხდომების შეხვედრები, რაც, ჩემი აზრით, არის კანონში არსებული სწორი ჩანაწერების ბოროტად გამოყენება,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. განაცხადი პოლიტიკური მოტივებით გამოცხადებული ბოიკოტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე წაიკითხა.