„საქართველოში არის თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ რეჟიმის დროს შეუძლებელია, რომ რაიმე პროგნოზი გაკეთდეს კურსთან დაკავშირებით,“- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ლარის კურსის დევალვაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაცვლითი კურსი პირდაპირ კორელაციაში არ არის ინფლაციასთან.
კობა გვენეტაძე პარლამენტში ეროვნული ბანკის სამწლიანი ანგარიშის წარსადგენად მივიდა.
„საქართველოსთვის, რომელიც არის ღია ეკონომიკა, ეს არის ოპტიმალური ვარიანტი, რადგანაც თავისუფლად მცურავ გაცვლით კურსს შეუძლია სხვადასხვა შოკთან გამკლავება, შედარებით უმტკივნეულოდ. როდესაც გაცვლით კურსზე ვსაუბრობთ, რატომღაც არის ისე მიღებული, რომ ის პირდაპირ კორელაციაშია ინფლაციასთან, რაც ასე არ არის. გაცვლით კურსს მოკლევადიან პერიოდში ახასიათებს მერყეობა, მაგრამ პირდაპირი კავშირი გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის არ არის და ამას ბევრი მაგალითი უჩვენებს,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.