19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
მართლა გჯერათ, რომ ის ხალხი, ვინც გათავისუფლდა შავი სიიდან, სამსახურს იშოვის? - ბოკერია გვენეტაძეს მიმართავს

„მართლა გჯერათ, რომ ის ხალხი, ვინც გათავისუფლდა ამ შავი სიიდან, ახლა წავა და სამსახურს იშოვის?“- ამ შეკითხვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

პოლიტიკური დებატები და დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე ხელისუფლების ვალების განულების პროგრამაზე საუბარს მოჰყვა.

გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან ვალების განულების პროცესი შეაფასა.

„ძალიან ვწუხვარ, ბატონო კობა, რომ თქვენგან მოვისმინე, თითქმის, ერთი ერთში ჩვენი მთავრობის მავნებლური და ახლომხედველური პოლიტიკის ფუძემდებლური თეზისების გამეორება. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენც გგონიათ, რომ ხალხის პრობლემა არის არა ის, რომ სამსახურს ვერ შოულობენ, სამუშაო ადგილები არ იქმნება და არის დაბალი ეკონომიკური ზრდა. გგონიათ, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ხდება წინასაარჩევნოდ. თქვენ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეს არ მიგაჩნიათ პრობლემად. ხალხი, ვინც წვალობდა და იხდიდა, იმათთვის რა სიგნალია ეს და ხვალ რა მოუვა ყველა იმ ადამიანსა და ჭარბვალიანობას, როცა ერთხელ საარჩევნო სპეკულაციისთვის ასეთი რამე ხდება მთავრობის ჩარევით? თქვენ ამაზე ან არ გსურთ პოზიციის დაფიქსირება, ან კიდევ უფრო უარესი პოზიცია გაქვთ. კიდევ ერთი ფენომენალური ფრაზა თქვით - ის ხალხი, ვინც გათავისუფლდა ამ შავი სიიდან, ახლა წავლენ და სამსახურს იშოვიანო. მართლა გჯერათ, რომ ეგრე მოხდება?"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

კობა გვენეტაძე პარლამენტში ეროვნული ბანკის 3 წლიანი ანგარიშის წარსადგენად მივიდა და ვალების ჩამოწერის პროცესზეც ისაუბრა. ის მთავრობის პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ თუ ვალების ჩამოწერა მოხდა, იმ პირებს, ვინც შავ სიაში იყვნენ, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ დასაქმდნენ. 

„მე არ მითქვამს, რომ ეს ხალხი აუცილებლად იშოვის სამსახურს, მე ვთქვი, რომ მათ უკეთესი შესაძლებლობა და სტიმული აქვთ, რომ სამსახური იშოვონ, რადგანაც იმ შემთხვევაში თუ ისინი შავ სიაში ყოფნის დროს სამსახურს იშოვიდნენ, მათი ანაზღაურების დიდი ნაწილი სესხების მომსახურებაზე წავიდოდა და მათ სტიმული არ გაუჩნდებოდათ. ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც მხოლოდ დადებითი მხარეები აქვს, თავად მითქვამს ეს, კომიტეტის განხილვაზე, სხვათა შორის და ამის ჩანაწერიც არსებობს, რომ ამასაც აქვს უარყოფითი მხარე. ეს არის ე.წ. მორალური რისკი. ამიტომ კარგად უნდა მოხდეს ამ აქციის ინიციატორების მიერ იმის განმარტება, რომ ეს არის ერთჯერადი აქცია,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები