19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ცესკო-ს ახალი წევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობას გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადონ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი წევრების შესარჩევი კომისია პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის გარეშე დააკომპლექტა.

გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კომისიის შემადგენლობას და მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადონ და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვან.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ მათ კომისიის შემადგენლობაში ყოფნა ამ დრომდე არ შეატყობინეს, თუმცა, მათ შემადგენლობასთან დაკავშირებით აქვთ სალომე ზურაბიშვილთან პრეტენზიები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა კომისიის შემადგენლობაშია, რადგან მისი თქმით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ არაერთ დარღვევაშია მხილებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

„სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. პრობლემა არის თავად ამ კომისიის შემადგენლობა, ვგულისხმობ მე სამოქალაქო სექტორიდან, არასამთავრობო ორგანიზაციიდან იქ წარმომადგენელი არის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია,“ რომლის დამკვირვებლებიც და თავად ეს ორგანიზაცია არაერთ დარღვევაშია მხილებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უფრო მეტსაც გეტყვით, სწორედ ამ ორგანიზაციის დამკვირვებელი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელი,“ - ამბობს სალაძე.

კომისიის შემადგენლობაში აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობას აკრიტიკებს ასევე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე. ბენიძე ცესკო-ს შესარჩევ კონკურსში „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ მონაწილეობას „დაცინვად“ და „ფარსად“ აფასებს.

„ასეთი ტიპის ორგანიზაციების წარმომადგენლობა რომელიმე შესარჩევ კონკურსში ცესკო-ს წევრისა არის ერთგვარი ფარსი და დაცინვა. მე მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას შერჩევის პროცესში იმ შემთხვევაში, თუკი კომისია დაკომპლექტდება ისეთი პირების მხრიდან, რომელთა რეპუტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომლებიც არ არიან ჩართული პარტიულ საქმიანობაში და რომელთა დაფინანსებაც გამჭვირვალე არის,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი და კრიტიკა მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარისთვის, გრიგოლ გაგნიძისთვის. მისი თქმით, კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„კომისიაში ჩასმა არც ჩემი გადასაწყვეტი იყო, არც ბენიძის და ახლა ბენიძეს თუ ჩვენთან თანამშრომლობა არ უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მათი მხრიდან ბრალდებული იყო გამოთქმული იუსტიციის სამინისტროს მიმართ, გვახსოვს ჩვენ ყალბი პირადობების მოწმობებზე, ოპოზიციამაც იგივე ილაპარაკა და ახლა, ეს ინიციატივა, საარჩევნო სიყალბე, კონკრეტულად, ოპოზიციიდან მოდიოდა თუ მაგ ორგანიზაციების მხრიდან, ეგ მედიასაშუალებებმა გამოიკვლიონ,“ - განაცხადა გაგნიძემ.

დღის ამბები