პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს ძვირადღირებული საჩუქარი აქვს მიღებული ბინის, აქციის სახით, ოჯახის წევრისგან - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაიამ გააკეთა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები ნათესავებისგან ან სრულიად უცნობი პირებისგან საჩუქრად ბინებს, ავტომობილებს, ათასობით დოლარს და ძვირფასი ნივთებს იღებენ.
ლიკა საჯაია განმარტავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მითითებული თუ ვინ არის ძვირადღირებული ნივთის მჩუქებელი პირი, რაც კანონდარღვევაა.
„აღმოვაჩინეთ, რომ არის რამდენიმე პარლამენტის წევრი, რომელსაც საკმაოდ ძვირადღირებული, აქ არის 100 ათასობით დოლარზე საუბარი, საჩუქარი აქვს მიღებული ბინის სახით, აქციის სახით, ოჯახის წევრისგან - ძმისგან, მამისგან. არიან პარლამენტის წევრები, რომლებმაც წლის განმავლობაში რამდენიმე ოჯახის წევრისგან მიიღეს ეს ძვირადღირებული საჩუქრები, არის შემთხვევები, როდესაც არ არის კონკრეტული პირი მითითებული, თუ ვინ არის მჩუქებელი და მითითებული არის ნათესავი. ეს მოდის კანონთან წინააღმდეგობაში,“ - განაცხადა ლიკა საჯაიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჩუქრები, საჯარო მოხელეების დეკლარაციებშია შეტანილი და ყველაზე ხშირად ამ ძვირადღირებული საჩუქრების ავტორები, დეპუტატების ან მათი მეუღლეების ახლო ნათესავები არიან.