საქართველო მთავრობის მაღალჩინოსნებმა თანამდებობების დაკავების შემდეგ აკადემიური ხარისხის მიღება გადაწყვიტეს. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია, თუმცა ახლა მან სწავლის გაგრძელება თბილისში, "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში" გადაწყვიტა, რომელიც 43 ქართულ უმაღლეს სასწავლებელს შორის 24-ე ადგილზეა.
"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ერთ-ერთმა პროფესორმა "კურიერს" ანონიმური წერილი კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით გამოუგზავნა. წყარო იტყობინება, რომ სასწავლებელში ყალბი დიპლომები გაიცემა. წყაროს ცნობით, ყალბი დიპლომებით კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი აზერბაიჯანის მოქალაქეებს ამარაგებს. „კურიერმა“ ასევე მოიპოვა მტკიცებულებები უნივერისტეტის ელექტრონული ქსელიდან.
უნივერსიტეტის რექტორმა, კახა კორძაიამ ჯერ ბრალდებები უარყო, მოგვიანებით კი კონფიდენციალური წყაროს გამოგზავნილი წერილის წართმევა სცადა. უნივერისტეტის კანცლერმა ყალბი დიპლომატების გაცემის ამბავი ხატზე დაფიცებით უარყო.
წერილიდან ირკვევა, რომ "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში" ყალბი დიპლომების გაცემის საქმე პროკურატურამდეც იყო მისული, გამოძიება დაიწყო, თუმცა შემდეგ ამბავი მიჩქმალეს. პროფესორის ინფორმაციით, ყალბი დიპლომების გაცემის სკანდალი უმაღლესმა სასწავლებელმა გავლენიანი მფარველების დახმარებით ჩაფარცხა. მისი თქმით, მთავარი მფარველი თეა წულუკიანია.
იუსტიციის მინისტრმა "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში" დოქტორანტურაში სწავლისას სამართლის ფაკულტეტზე სამი სემესტრის განმავლობაში ერთი საგანი გაიარა, აკადემიური წერა და 94 ქულიანი შეფასება მიიღო.
უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ მინისტრი სანიმუშო სტუდენტია და ლექციებზეც დადის, თუმცა უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც "კურიერს" სკანდალური დოკუმენტები მიაწოდა, ამტკიცებს, რომ წულუკიანი უნივერსტიტეტში საერთოდ არ დადის.
ლექტორმა, ნინო მინდიაშვილმა, რომელმაც წულუკიანს უმაღლესი შეფასება დაუწერა,„კურიერს“ დაუდასტურა, რომ მინისტრი ლექციებზე არ დადის და ნაშრომებს ელექტრონულ ფოსტაზე კაბინეტიდან თანაშემწის დახმარებით უგზავნის.
ამასთან ერთად, ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები არიან: სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი. საჯარო მმართველობაში დოქტორის ხარისხის მისაღებად ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმაც, თუმცა გოგაშვილმა სწავლა ვერ გააგრძელა და ცოტა ხნის წინ სხვა ფაკულტეტზე გადავიდა. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია პრემიერ-მინისტრის დედა, მანანა ნანიტაშვილი.