ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე იწყება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს, ფარული კენჭისყრით. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. მათ შორისაა თამარ ჟვანიაც, რომელიც მეორე ვადით შეეცდება პოსტის დაკავებას. კენჭს ასევე იყრიან ლადო ბოჟაძე, და თამარ შელეგია.
იმ შემთხვევაში კი, თუ ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და წარდგენილი სამი კანდიდატურიდან სწორედ დეპუტატები შეარჩევენ.
„ხვალ ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინები. ალბათ, სავარაუდოდ, კვლავ ქალბატონი თამარი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომ ის ხარვეზები, რომელიც გამოავლინა განსაკუთრებით ამ საპრეზიდენტო არჩევნებმა, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და ჩვენ, ყველა ჩართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდეს მაღალი დემოკრატიული ხარისხით,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლადო ბოჟაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა, გიორგი კანდელაკმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკულ შეფასებას.
„საპრეზიდენტო არჩევნები ეუთოს და საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შეფასდა ყველაზე კრიტიკულად. ასეთი კრიტიკული დასკვნები, როგორიც დაიდო ახლა, არ დადებულა შევარდნაძის დროის შემდეგ. ასე, რომ რბილად რომ ვთქვათ, ეს პრეზიდენტს, კანდიდატურების წარდგენის დროს უნდა გაეთვალისწინებინა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.