ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც თამარ ჟვანიამ მეორე ვადით ცესკოს თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა - საჯაროვდება დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ორგანიზაციების ნაწილი, წლების განმავლობაში სხვადასხვა პროგრამების საშუალებით დაფინანსებას სწორედ ცესკოდან იღებდნენ.
დოკუმენტების მიხედვით, მათ საარჩევნო ადმინისტრაცია ხშირ შემთხვევაში სოლიდურ თანხებს წელიწადში ორჯერაც კი ურიცხავდა. საუბარია ათობით ათას ლარზე.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ორგანიზაციებმა, რომლებმაც თამარ ჟვანია თანამდებობაზე კანდიდატად დაასახელეს, ამ ფორმით ცესკოს თავმჯდომარეს მიღებული ფულის სანაცვლოდ მადლობა გადაუხადეს.
„შეუთავსებლობას ქმნის ის პოზიცია, რომ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები გააჩნიათ. იმიტომ, რომ თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით აქამდე იღებდნენ გარკვეულ დაფინანსებას, შემდეგ ამ ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარედ წარადგინეს ის ადამიანი, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა საარჩევნო ადმინისტრაციას და გასცემდა გრანტის სახით გარკვეულ დაფინანსებას,“-განაცხადა ცესკოს წევრმა ენმ-დან დავით კირკიტაძემ.