თბილისის მერი დღეს საკრებულოს დედაქალაქის ბიუჯეტს წარუდგენს. კახა კალაძე დეპუტატებს მთავარი საფინანსო დოკუმენტის საბოლოო შესწორებულ ვარიანტს გააცნობს.
თბილისის ბიუჯეტი 1 მილიარდამდეა და მთავრობის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იქნება. ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტს მიმდინარე წლიდანაც ის თანხა დაემატება, რაც 2018-ში ვერ იქნა ათვისებული.
„2019 წლის განმავლობაში ზრდა ბიუჯეტის ისევ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იქნება მიმართული და იქნება მილიარდ ლარზე მეტი,“-განაცხადა თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ოპოზიცია მწვავე დებატებისთვის ემზადება. ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.
კითხვები დედაქალაქის მერთან მერიაში არსებულ სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებითაც დაისმება.
„მილანურ კომპანიებთან რომ ვაფორმებთ ხელშეკრულებებს, განათება იქნება, ეშმაკის ბორბალი იქნება, ურნებიც კი იტალიიდან რომ შემოაქვთ, როგორ მოხდა, რომ ასე ემთხვევა დროში კალაძის მერობა და მილიონობით ლარის ხელშეკრულება მილანურ კომპანიებთან. ასევე, რატომ გაჩნდა დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით ჯილდო. პრემია და დანამატი არ ეყოთ და ახლა გაჩნდა ჯილდო და ჯამში 7 მილიონი ლარით არის გაზრდილი ეს მუხლები,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.