პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან. გიორგი ქობულიას, რომელმაც მოსახლეობას თავი დაამახსოვრა არაერთი ხმაურიანი და უცნაური განცხადებით დაამახსოვრა, პასუხების გაცემა ოპოზიციის მწვავე შეკითხვებზე მოუწევს.
ხელისუფლების ოპონენტები დებატებს აანონსებენ. დეპუტატების შეკითხვები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას უკავშირდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობას ამ პრობლემების გადაჭრის უნარი არ შესწევს, თუმცა მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გაიგოს საზოგადოებამ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას.
„ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არის უმძიმესი. პრობლემა არის ლარის სისუსტე, უმუშევრობა, გაზრდილი არის სიღარიბე და ამიტომ, ბუნებრივია, ბატონმა ქობულიამ უნდა გვითხრას, რას ხედავს აქედან გამოსავალს და კონკრეტულად უნდა გვიპასუხოს, არის თუ არა გამოსავალი საწვავზე აქციზის განახევრება, როგორც ამას „ევროპული საქართველო“ ითხოვს. არის თუ არა აქედან გამოსავალი ზოგადად, გადასახადების დაწევა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ბიუჯეტის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.
„1,3 მილიარდი ლარი არის დასახარჯი ბიუჯეტიდან. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ არ იცის საქმის კეთება. ეს არის ბიუჯეტის ვერდიქტი. ბიუჯეტმა დაღი დაასვა და გამოუტანა განაჩენი საქართველოს მთავრობას,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მინისტრთან კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც. კონკრეტულად კი როგორ აპირებს ეკონომიკის სამინისტრო სიღარიბის მაჩვენებლის დაწევას.
„აუცილებლად იქნება შეკითხვა უშუალოდ სიღარიბის დაძლევასთან მიმართული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. მთელი რიგი საკითხებია, რომლის გარეშეც ამ ქვეყანაში ის დაანონსებული რადიკალური ცვლილებები უბრალოდ ვერ მოხდება, თუ უშუალოდ ეკონომიკის მინისტრის ხედვები არ არის ადეკვატური,“ - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.