„იმის თქმა, რომ ხალხს უფრო და უფრო და უფრო და უფრო და უფრო და უფრო და უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი, ხალხს უჭირს ძალიან მძიმე. ეს გასაჭირი გაუარესებისკენ არ მიდის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვეხმარება,“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ქობულიას რამდენიმე დღის წინ მისივე გაკეთებული კომენტარის განმარტება მედიასთან მოუწია, როდესაც მან თქვა, რომ არ ეთანხმება აზრს, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს.
მინისტრი ამჯერად ამბობს, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი ღარიბია. გიორგი ქობულიას განმარტებით, მან რამდენიმე დღის წინაც თქვა, რომ ხალხი ძალიან გაჭირვებულია.
„კონკრეტულად მე ვთქვი, რომ ხალხს უჭირს, ძალიან უჭირს და თუ გადაახვევთ ჩემს ჩანაწერს, ძალიან კარგად წაიკითხავთ და კარგად მოისმენთ, რომ ასეთი რამ არ მითქვია. მე ვთქვი, რომ ხალხს ძალიან, ძალიან უჭირს. საქმე იმაშია, რომ ხალხს იმდენად უჭირს დღესდღეობით, იმიტომ, რომ ყოველი მე-5 ღარიბია, როგორ შეიძლება, ჩვენ ვთქვათ, რომ ხალხს არ უჭირს. ეს ხომ აბსოლუტურად არ არის მართალი და ეს ხომ ტყუილია. მე ვთქვი, რომ ეს გასაჭირი ისეთი მძიმეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის არ უარესდება, ეს გასაჭირი მაინც იმდენად მძიმეა, რომ ჩვენი პირველი პრიორიტეტია. შეიძლება იმას ისევე უჭირს, როგორც გუშინ უჭირდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც ეს გასაჭირი ძალიან მძიმეა,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.