ბუნებრივ აირზე ტარიფის შესაძლო მატებას არ გამორიცხავენ უმრავლესობაში, თუმცა მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ გაზზე საფასური ფიზიკური პირებისთვის უცვლელი დარჩება. ოპოზიცია კი კვლავ ხელისუფლების მავნებლურ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის აზრი არც არასდროს აინტერესებდა.
"იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება გაზის ტარიფი და სავარაუდოდ გაიზრდება, ამას მიუთითებს უკვე სემეკის განცხადებაც, ეს დააწვება ძალიან მძიმე ტვირთად მოსახლეობას და მაშინ როდესაც ესეთ გაჭირვებაშია ხალხი, ეკონომიკის მინისტრი გამოდის და რბილად რომ ვთქვათ, სულელურ განცხადებებს აკეთებს, განცხადებებს რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს ადეკვატურ ეკონომიკის პოლიტიკის გატარებასთან,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ცხოვრება ისედაც გაძვირებულია და უკვე დამძიმებულია მოსახლეობის ყოფა, გაზის ტარიფის გაძვირება სერიოზული ფაქტორი იქნება მოქალაქეების გაღარიბებისთვის.
"გამოსავალი იქნება ერთადერთი - სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, სამუშაოები ადგილები შეიქმნას,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
უმრავლესობაში კი უარყოფენ ინფორმაცის იმის შესახებ რომ გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს ფიზიკური პირებისთვის. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ამაზე ხელისუფლება ზრუნავს, რაც შეეხება კერძო სექტორს, მათი თქმით, აქ ისინი ვერ ჩაერევიან.
"მე არ ვიცი რატომ ვრცელდება ესეთი ინფორმაცია რომ რამდენიმე თეთრით გაიზრდება ტარიფი, აქ არ არის ლაპარაკი ამაზე, გამომდინარე იქიდან რომ თვითონ მთავრობა სერიოზულად არის ჩართული რომ მოსახლეობას არ დააწვეს,"-აცხადებს რევაზ არველძე.