„ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება,“- ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის დამტკიცების საკითხის გადადებას.
მოსამართლეობის კანდიდატების, რომელთა ბიოგრაფია საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს, განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო.
ანა დოლიძის შეფასებით, წარდგენილი კანდიდატები არ იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში მანდატებს.
„ამ შედეგს განვიხილავ, როგორც პროცესის შეჩერებას, სიაში შემავალი კანდიდატები არ იმსახურებენ ამ მანდატს, პირველ რიგში, საუბარია, რა თქმა უნდა, მიხეილ ჩინჩალაძეზე. გაზაფხულზე გადატანა დიდ საზოგადოებრივ დისკუსიას და მსჯელობას მოიტანს, ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტუაციას და ეს არ მოხდება საახალწლო სუფრასთან, როგორც ახლა აპირებდნენ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თუ ეს ქვეყანა იქნება დემოკრატია, ჩვენ შესაბამისი მანდატების, შესაბამისი კალიბრის იურისტები გვეყოლებიან უზენაეს სასამართლოში,“- განაცხადა ანა დოლიძემ.