19 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
პრეზიდენტის შემოწირულობა არჩევნების შემდეგ - მამუკა ბახტაძე ოპონენტებს პასუხობს

პრემიერი, მამუკა ბახტაძე არჩევნების შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოწირულობის მიღებას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს ინფორმაცია ოპოზიციის მიერ არგუმენტების გარეშე არის გახმოვანებული, რაც მისთვის მიუღებელია.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 2 მილიონზე მეტი შემოწირულობა მას შემდეგ მიიღო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა.

პრემიერი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინონ, რის შემდეგაც თავად მამუკა ბახტაძე დაინტერესდება თითოეული ფაქტით. 

„ოპოზიციას თუ აქვს ეჭვი, რომელიც გამაგრებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველ რიგში, მე ვიქნები დაინტერესებული, რომ ეს ფაქტები მოვისმინო. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მათგან მსგავსი ბრალდებები და სამწუხაროდ, შემდეგ აღმოჩენილა Fake news-ი. ჩვენ თითოეულ ქეისს ცალკე უნდა ჩავუღრმავდეთ და თუ მასში გამოიკვეთება რამე დეტალი და ამ შემთხვევაში ან სამოქალაქო საზოგადოება ან თუნდაც ოპოზიციური პარტიები აღმოაჩენენ მასში რამე კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც გამაგრებული იქნება შესაბამისი არგუმენტებით, ბუნებრივია, მე გაძლევთ მაგის პირობას, რომ პირველი მე ვიქნები დაინტერესებული, რომ ეს პროცესი განვიხილოთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან დგინდება, რომ ბიზნესი ფულს პრეზიდენტს არჩევნების შემდეგაც ჩუქნის. 

On.ge-ს თანახმად, ზურაბიშვილს მეორე ტურის დასრულების შემდეგ დეკემბერში 60 ათასი ლარი 15-მა ადამიანმა შესწირა, 50 ათასი - სამმა, 40 ათასი - ორმა, 30 ათასი კი - 10-მა. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელი, რომელმაც 180 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე ჩარიცხა, კომპანია „ილი ჯგუფია“.

დღის ამბები