19 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ბესელია თანამდებობიდან მიდის - უვადო მოსამართლეთა სია მმართველ გუნდში პოლიტიკური ომის მიზეზი გახდა 

ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან მიდის. „ქართული ოცნების“ ყველაზე ძველი წევრის გადაწყვეტილებამ მმართველ გუნდი ღიად ორ ბანაკად გაყო. ეკა ბესელიამ განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, რაც მისი მოადგილის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილმა დატოვა.

ზარდიაშვილს გადადგომის შესახებ განმარტება არ გაუკეთებია. ეკა ბესელიამ კი ახალი მოადგილის დასანიშნად კომიტეტის სხდომა მოიწვია, სადაც თანაგუნდელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გედევან ფოფხაძე, რომელიც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის შემცვლელად წარადგინა, კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის უფლებებს ყველაზე აქტიურად იცავდა. ფოფხაძის წარდგენამ ახალ თანამდებობაზე კი დაპირისპირება გამოიწვია. გაირკვა, რომ ბესელიას გადადგომაც და გედევან ფოფხაძის დასახელებაც გუნდთან არ შეუთანხმებია.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს, რომელსაც ბესელიას კომპეტენცია ბოლო 6 წელია, კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დაუყენებია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს კანონებს ახსენებდა. მმართველი გუნდის ნაწილი კი საკუთარ კოლეგებს პოლიტიკურ დამსახურებასა და 2012 წლის არჩევნებზე უთითებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოსამართლეების 10 კანდიდატთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ბნელ ოთახში დაწერილი სიად შეაფასეს.

კომიტეტის სხდომაზე ის დეპუტატებიც მივიდნენ, ვინც კომიტეტის წევრები საერთოდ არ არიან. პოლიტიკურ დებატებში გუნდი კიდევ ერთხელ ე.წ. ძველების და ახლების მხარდამჭერებად გაიყო.

მმართველი გუნდის წევრების და მხარდამჭერების დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ ოპოზიციას დებატებში ჩართვა მხოლოდ ერთხელ მოუხდა. სერგო რატიანს „ქართული ოცნების“ წევრები მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა მან სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება და ბიძინა ივანიშვილი ახსენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები