ეკა ბესელიას განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ, ორშაბათს ბიუროზე შევა.
იურიდიული კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ დაპირისპირების მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს.
ბესელია ამბობს, რომ მას გუნდურობა და პასუხისმგებლობის აღება არავისგან ესწავლება.
„ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნას წარიმართოს სწორედ სამართლიანად და გამოვრიცხოთ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება სამართლიანობასთან და მოსახლეობის განწყობებთან.
ადამიანები,რომლებიც ჩვენს გუნდს, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი მე გახლავართ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. მე გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებს და ვერავინ მასწავლის რა არის გუნდურობა,რა არის წესების დაცვა, რა არის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება სხვის ნაცვლად ამას მე ვერ მასწავლიან ნამდვილად ის ადამიანების განსაკუთრებით, ვინც ძალიან ახლები არიან შემოსული ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. აქ დავსვამდი წერტილს“-ამბობს ეკა ბესელია.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.
ბესელიამ თქვა, რომ სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომელთა სახელები პოლიტიკურ ზეწოლებს უკავშირდება.