19 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას და ხელახალ დაკომპლექტებას ითხოვენ.

ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას და ე.წ. კლანის ზღვარგადასულ ძალაუფლებას კრიზისად აფასებენ. ისინი სასამართლო ხელისუფლების გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამდებობები დატოვონ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებმა, ასევე პოსტები დატოვონ მოსამართლეებმა ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ.

„საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომელთაც ხმა მისცეს, როგორც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიას, ასევე ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას, არა აქვთ მორალური უფლება, გააგრძელონ საკუთარი უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, აიღონ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითრებაზე, რომელიც მათი უშუალოდ გადაწყვეტილებების შედეგია და დატოვონ იუსტიცის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. საბჭო უნდა დაკომპლექტდეს ახლიდან და მხოლოდ ახალმა შემადგენლობამ უნდა გააგრძელოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.

მესამე სექტორის აზრით, შექმნილი ვითარებაში აუცილებელია საზოგადოების მხრიდან აქტიურობა და ზეწოლა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აიძულებს, რომ შემადგენლობა შეიცვალოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები