19 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
„სანამ ეს ხელისუფლებაა, შეუძლებელია, სასამართლოში სერიოზულ რეფორმებზე ვიფიქროთ" - ოპოზიცია არასამთავრობოების მოთხოვნას ეხმაურება

არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი დაკომპლექტების შესახებ ოპოზიცია მხარს უჭერს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ, რომ მმართველი გუნდი ამ შეთავაზებას დათანხმდება.

ოპოზიციის წევრების თქმით, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, სასამართლო სისტემაში მდგომარეობა არ გამოსწორდება.

„სანამ ეს ხელისუფლებაა, შეუძლებელია, ვიფიქროთ სერიოზულ რეფორმებზე სასამართლოში და ასევე ახალ წევრებზე, რომელიც უკეთესები იქნებიან, ვიდრე ძველები. შესაბამისად, ამას სჭირდება ხელისუფლების ცვლა, საკანონმდებლო ინიციატივები, რაც გამოიყვანს და შეცვლის ვითარებას სასამართლოში,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ქართული ოცნება არ დაუშვებს, ბიძინა ივანიშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თანამდებობს არ დატოვებენ.

„მივესალმები არასამთავრობო ორგანიზაციების ამ შემოთავაზებას, ინიციატივას, მაგრამ აქვე არ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის შეუძლებელი იმიტომ, რომ სად გვიწევს ახლა ცხოვრება? გამომძიებელს გამომძიებლობა, პროკურორს პროკურორობა, მოსამართლეს მოსამართლეობა გვიწევს ოლიგარქატის პირობებში. საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს ბიძინა ივანიშვილი და ვინმეს მისცემს შესაძლებლობას, ქართული ოცნების დეპუტაცია მაქვს მხედველობაში, რომ გააკეთოს ქართული ოცნების დეპუტაციამ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს არ უნდა და დანარჩენ საღად მოაზროვნე საზოგადოებას უნდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს არის გამორიცხული. თავში არის პრობლემა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას და ხელახალ დაკომპლექტებას მოითხოვენ. ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას და ე.წ. კლანის ზღვარგადასულ ძალაუფლებას კრიზისად აფასებენ. ისინი სასამართლო ხელისუფლების გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები