03 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
ახალციხის ტურისტული პოტენციალი - ახალი გეგმა და უკვე აშენებული და გაჩერებული ობიექტები

ახალციხის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ ილაპარაკა და სპეციალური გეგმა წარმოადგინა. "რუსთავი 2" გეგმით დაინტერესდა და ახალციხეში ჩავიდა. 

ერთი მხრივ, ახალციხეში ტურისტების რაოდენობა შემცირდა, რამაც ადგილობრივების ფინანსურ შესაძლებლობაზე მოახდინა გავლენა, მეორე მხრივ კი რაიონში უკვე აღდგენილი ინფრასტრუქტურა მოიშალა. 

რაბათის ციხესთან არსებული ხელოვნური ტბა ტურისტული ზონის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა დღეს ის ნახევრად დამშრალია და მისი ნახვა არავის სიამოვნებს. ტბის ადგილზე წლების განმავლობაში ჭაობი იყო, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში ადგილზე ხელოვნური ტბა და შადრევნები გაკეთდა. 

დღეს ტბა დამშრალია, შადრევნები კი გაფუჭებულია. 

თავის დროზე ტბის გარშემო ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობაც დაიგეგმა. მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ახლა შეჩერებულია, ინვესტორები არსად ჩანან.

მწყობრიდან გამოსულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საკუთარი შეხედულებებიაქვთ ადგილობრივ ხელისუფლებაში. მოქმედი ხელისუფალი ტბის დაშრობას და უფუნქციობას წინამორბედების მიერ არასწორ და ნაჩქარევ მუშაობას აბრალებს.

ახლა მოსახლეობის სურვილისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, დაზიანებული ტბის აღსადგენად თანხის ხელახლა დახარჯვა მოუწევთ. გათვლილი ეკონომია ახლა უფრო ძვირი ჯდება.

აღმოჩნდა, რომ მილსადენის გარდა, შესაკეთებელი და აღსადგენი ბევრია. ტბაზე სამუშაოების ჩასატარებლად მერია სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბებას ახლა აპირებს. ახალციხის ტბა, ახალი გეგმის მიხედვით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტი იქნება.

ტერიტორიაზე ტრენაჟორები და წყლის ველოსიპედები გაქირავდება. ხეების დარგვა და წყალში თევზის გაშვება, მერის მოსაზრებით, ტბის მნიშვნელობას გაზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ შესწავლასა და აღწერას მხოლოდ ახლა იწყებენ, ზუსტად იციან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 80 000 ლარის გამოყოფას მოითხოვენ.

კულტურულ ობიექტებზე და ძეგლებზე თანხების ეკონომიურად ხარჯვა ახალციხის მთავრობის პოლიტიკაა, პრიორიტეტები ახლებურად გადანაწილდა. რაბათის სუბსიდია შემცირდა, კადრები დაითხოვეს, გიდებს ხელფასები დააკლდათ, თუმცა მაისში დანაკლისის შევსებას პრემიებით დაჰპირდნენ. 

შემცირებული ბიუჯეტით რაბათი აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა ტურისტების რაოდენობა ძალიან მცირეა. ციხეს უკვე რამდენიმე თვეა დირექტორი არ ჰყავს.

პრემიერის ოფიციალური განცხადების მიუხედავად, კვირის დასაწყისში სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის დროს ის არც რაბათში და არც ტბის ტერიტორიაზე არავის უნახავს. 

ავტორები - თაკო მესხი, ნიკა ლებანიძე

 

 

დღის ამბები