26 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია.

დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ.

კახა კალაძე პასუხისმგებლობას არც იმ საკადრო გადაწყვეტილებებზე იღებს, რომელიც ქვეყნის მთავარ გაზგამანაწილებელ კომპანიაში ჯერ კიდევ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა და რა დროსაც მაღალ თანამდებობებს მისი პროტეჟეები იკავებდნენ. 

"კალა-კაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გია ბენაშვილი "ყაზტრანსგაზში" ჯერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მოგვიანებით კი სპეციალური მმართველის მოვალეობას ასრულებდა. ბენაშვილის გადეპუტატების შემდეგ "ყაზტრანსგაზში" მის ნაცვლად, კალაძის კიდევ ერთი კადრი მამუკა კობახიძე დაინიშნა, რომელსაც პარალელურად, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიაც ჩააბარეს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყაზახურ მხარეს კომპანიაში საკუთარი უფლებამოსილების აღდგენის მცდელობა არაერთხელ ჰქონდა. 2012 წლის ნოემბრის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაშინდელი ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრები ესწრებოდნენ, "ყაზტრანსგაზის" გენერალური დირექტორი ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას აღიარებდა და მისი ეტაპობრივად გადახდისთვის მზადყოფნასაც გამოთქვამდა.

ამ ინტერვიუს შემდეგ წინა მთავრობის მიერ დანიშნული სპერცმმართველი კალაძის კადრით შეიცვალა. ყაზახებური მმართველობის პირობებში დაგროვრბული და 54 მილიონამდე შემცირებული საბიუჯეტო დავალიანება ოთხ წელიწადში 96 მილიონამდე გაიზარდა. ყაზახურმა მხარემ ქვეყნის მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.

საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის უპირობო წაგების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყაზახურ კომპანიას 100 მილიონამდე დავალიანება ჩამოაწერა.

ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებულ მთავრობის განკარგულებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ "ყაზტრანგაზის" 100 პროცენტიანი წილის შეძენის მსურველი მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია "ვოლტბეი ელტედე" იყო, რომლის მფლობელებიც ქართველი ბიზნესმენები დავით ბეჟუაშვილი და ხვიჩა მაქაცარია არიან.

მეგობრობასა და ბიზნესპარტნიორობაზე გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერი და ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იარყოფენ, თუმცა ასეთი კავშირის შესახებ მათი არაერთი ოპონენტი საუბრობს. 

დღის ამბები