28 სექტემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა 35 წლის ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა 35 წლის ხუან გუაიდომ ათასობით ადამიანის წინაშე თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ფიციც დადო და არმიას მოუწოდა ხალხის მხარეს გადავიდეს. ხუან გუაიდო ოპოზიციის მიერ კონტროლირებული ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე 5 იანვარს აირჩიეს. 

„ვფიცავ, რომ როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ძალაუფლებას გადავიბარებ, რომ ვუზრუნველყოთ უზურპაციის, მოღალატე მთავრობის დასასრული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება,“ - განაცხადა ხუან გუაიდომ.

ვიდრე ის ხალხის წინაშე, როგორც პრეზიდენტი ფიცს დადებდა, კარკასის ქუჩებში მადუროს ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა მასშტაბური მსვლელობები მოაწყვეს. 

აქცია მალევე გადაიზარდა პოლიციასთან შეტაკებაში. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად 14 დემონსტრანტი დაიღუპა.

თავად მადურო ძალაუფლების დათმობას არ აპირებს და შეერთებულ შტატებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ოპოზიციას კი გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ოპოზიციის ლიდერი პრეზიდენტად ცნო, ნიკოლა მადურომ ვაშინგტონთან ყველა სახის ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად სამი დღე მისცა.

მასშტაბური პროტესტის მიზეზი ნავთობის სიმდიდრით რიგით მეხუთე ქვეყანაში ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი, კორუფცია, რეკორდული ინფლაცია და უშუქობა გახდა. ბოლო წლებში ქვეყანაში პირველადი მოხმარების ნივთების შოვნაც კი პრობლემას წარმოადგენდა. გაეროს მონაცემებით 2014 წლის შემდეგ ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

დღის ამბები