მაკკეინის ინსტიტუტის სავარაუდო სცენარი და საჯარო დოკუმენტი - უკვე რამდენიმე დღეა განხილვის საგანია. გაწერილია 6 მთავარი რეკომენდაცია: რა შემთხვევაში შეიძლება იყოს არჩევნები არალეგიტიმური, როდის უნდა გაიწვიოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი, რა როლი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო დამკვირვებლებს და რა უნდა გააკეთოს კონგრესმა. დოკუმენტში მთავარი არა საარჩევნო დღე - 26 ოქტომბერი, არამედ მომდევნო დღეებია.
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს, მმართველ გუნდში აფასებენ.
"დავარქვათ გაიდლაინი, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სულ რომ დამაჯერებლად მოიგოს არჩევნები და ეს გამარჯვება ყველამ აღიაროს, ჩვენ მაინც ისეთი ნაბიჯები უნდა შევთავაზოთ რადიკალებს, რომ ამ ყველაფერმა სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოსო. ელოდებიან, რომ 26 ოქტომბერს ხალხს გამოიყვანენ და ეცდებიან შეიყვანონ შეცდომაში - "ქართულმა ოცნებამ" გააყალბა არჩევნებიო. არადა, ყველა გრძნობს რამხელა მხარდაჭერა გვაქვს, ყველა რეიტინგი ამაზე მეტყველებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ თუ არჩევნები ჩატარდება სამართლიან გარემოში, მაშინ ყველაფერი ბუნებრივად წარიმართება:
"თუ არჩევნები ჩატარდება სამართლიან გარემოში, თავისუფალი იქნება და არ მოჰპარავს "ქართული ოცნება" ამომრჩეველს თავის არჩევანს, მაშინ ყველაფერი ბუნებრივად წარიმართება. ეს ყველაფერი სრულად დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე,"- განაცხადა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.