03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
საქართველო ნარკოტრანზიტული ქვეყანაა - რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში?

სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოც მოხვდა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, სადაც სხვაგან წარმოებული ნარკოტიკები უკანონოდ ჩააქვთ.

მარშრუტი ასეთია - ნარკოტიკები ავღანეთიდან და ირანიდან აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით, დასავლეთ ევროპის, თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით გააქვთ.

აშშ მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ბრძოლა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ, ბოლო 2 წელიწადში კი ქვეყნის მიერ ნარკოტიკულ დანაშაულის და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს.

ამერიკულ ანგარიშში მოხვდა შსს-ს მიერ გასული წლის ივლისში ბათუმის პორტთან 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი. დოკუმენტში წერია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ყველაზე დიდი პარტიაა.

აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იქმნება, რომელიც ფუნქციონირებას წელს დაიწყებს.

ანგარიშის თანახმად, ფსიქოტროპული პრეპარატების შესახებ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში ხელოვნურად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. გაფართოვდა იმ ფარმაცევტული ნივთიერებების სიაც, რომლის მისაღებადაც მსურველს სამედიცინო რეცეპტი სჭირდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, საქართველომ კი ნარკოდანაშულთან ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები