03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
ჩაწყობილი მატჩები მოლდოვის ჩემპიონატში - ეჭვმიტანილებს შორის ქართველი ფეხბურთელებიც არიან

მოლდოვის ჩემპიონატის 23-ე ტურში, კიშინიოვის "დაჩიასა" ტირასპოლის "დინამო-ავტოს" შორის შეხვედრა სტადიონზე 12 პირის დაკავებით დასრულდა. მატჩის შემდეგ სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და ფეხბურთელები დააკავა. დაკავებულთა შორის არიან "დინამო-ავტოს" ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბის მმართველები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სპორტული შედეგებით მანიპულირებაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში.

კიშინიოვის სტადიონზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სინგაპურის ორი მოქალაქეც დააკავეს. ისინი, დანაშაულებრივი გარიგებების საფუძველზე, მატჩის სასურველი ანგარიშით დასრულებას ცდილობდნენ. დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს. 

სკანდალურ საქმეზე მოლდოვის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ბოგდან ზუბრიანუმ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, დაკავებულებს ბრალი მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩის შედეგის მანიპულირების გამო არ წაუყენეს. არსებობს მტკიცებულება, რომ აზიელებს მოლდოვაში შუამავლობას სხვები უწევდნენ, მათ შორის ორი ქართველი ფეხბურთელი. ზუბრიანუს ქართველების გვარები არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე წლის წინ ტირასპოლის "შერიფში" თამაშობდნენ.

შეგახსენებთ, რომ "დაჩიას" რიგებში, რომელმაც "დინამო-ავტო" 6:2 დაამარცხა, ქართველი ფეხბურთელები დავით სირაძე და ჯაბა დვალი თამაშობენ.

 

  

 

დღის ამბები