26 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები და ექსპერტების არაერთგვაროვანი შეფასებები 

განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებებს - საატესტაციო გამოცდების გაუქმებას და ზოგადი უნარების არჩევითი საგნების კატეგორიაში გადატანას, ექსპერტები ეხმაურებიან. მათი შეფასებები ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

განათლების ექსპერტი, თამარ მოსიაშვილი, ამბობს, რომ გამოცდების გაუქმება თანდათანობით, ეტაპობრივად ხდება, რაც მისაღებია. 

„უქმდება კატის გამოცდები და მომწონს იმიტომ, რომ ეს გაუქმება ხდება თანდათანობით. ჩვენ გამოცდების რაოდენობის მხრივ გადავაბიჯეთ გონივრულ საზღვარს. ჩვენთან გამოცდების რაოდენობა ცენტრალიზებული გზით ადმინისტრირებული გამოცდების რაოდენობა, მინიმუმ, 12-ს აღწევს. ეს არის უამრავი რაოდენობა. კორუფციის რისკი არსებობს ყველგან და მე არ მიმაჩნია, რომ სკოლა არის ისეთი ოაზისი, სადაც ეს კორუფციის რისკი არ შეიძლება, არსებობდეს,“ - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ნოდია, ზოგადი უნარების გამოცდების გაუქმებას "საგანგაშოს" უწოდებს.

ნოდია მიიჩნევს, რომ სავალდებულო საგნებიდან ზოგადი უნარების ამოღება არის შეცდომა, რადგან ის იყო აბიტურიენტის შესაძლებლობების შეფასების ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი.  

„საგანგაშოა უნარ-ჩვევების გამოცდების გაუქმება იმიტომ, რომ ის ყველაზე კომპლექსური გამოცდაა და რომელიც ყველაზე ობიექტურ სურათს იძლევა იმისა, თუ რამდენად მზად არის აბიტურიენტი, უმაღლეს სასწავლეებელში რომ ისწავლოს. ეს ყველაზე უფრო თანაბარ მდგომარეობაში აყენებდა ყველა აბიტურიენტს. მისი გაუქმება, ჩამი აზრით, ნეგატიურ როლს ითამაშებს,“ - განაცხადა გია ნოდიამ. 

განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები უკვე მეორე დღეა, აქტიური განხილვის თემაა. დაგეგმილია საატესტატო გამოცდების გაუქმება და ზოგადი უნარების არჩევით საგნებში გადატანა.

დღის ამბები