18 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა და მათი მოშლა - ოპოზიცია ავლაბრის რეზიდენციაში მუზეუმის შესაძლო გახსნაზე საუბრობს

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა ქვეყანაში, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი არ იქნება არც ფუნქციურად და არც სიმბოლურად, თუ ეს ივანიშვილს არ უნდა,“ - ეს განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საუბრისას გააკეთა.

დეკანოიძის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი მოისურვებს, ყველა სიმბოლური დანიშნულების მქონე შენობა მის პირად საკუთრებაში მოექცევა.

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა ქვეყანაში, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი არ იქნება არც ფუნქციურად და არც სიმბოლურად თუ ეს ივანიშვილს არ უნდა. ასევე, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი და სიმბოლური დანიშნულების შენობა შეიძლება გადაიქცეს და მოექცეს მის პირად საკუთრებაში, თუ ეს ივანიშვილს უნდა. ამიტომ, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა არის ჩვეულებრივ, ოლიგარქის პირადი სურვილი, უნდა იქნება, არ უნდა არ იქნება. ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ ბიუჯეტის სახსრები იხარჯებოდა ავლაბრის რეზიდენციაზე და ახლა გამოდის, რომ თუ კულტურის მუზეუმი იქნება, იგივე ბიუჯეტის ხარჯები იქნება დახარჯული და ასევე გაცილებით იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ეს იყო წინა წლებში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში, ხალხის პრობლემების მოგვარების ნაცვლად, სახელმწიფო სიმბოლოებთან ბრძოლით არის დაკავებული.

 „7 წლის განმავლობაში, ეს ხელისუფლება, ხალხის პრობლემების მოგვარების ნაცვლად და წინსვლის ნაცვლად, დაკავებული იყო იმითი, რომ ებრძოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ებრძოდა სიმბოლოებს და ამის მაგალითია ქუთაისის პარლამენტის გარეშე დატოვება და ფაქტიურად, სტატუსის გარეშე დატოვება. ამის მაგალითია ის, რომ ახლა აპირებენ ბათუმიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანას და ამ გრძელ რიგში ერთ-ერთი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციის გარეშე დატოვება,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი გაიხსნას. უმრავლესობის წევრებმა, ეს თემა პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი, სპეციალურ კომისიასთან ერთად მიიღებს, რომელიც საგანგებოდ იქმნება იმისთვის, რომ ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო ფუნქცია განსაზღვროს.


 

დღის ამბები