18 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
ოკუპანტები ხურვალეთში - საპარლამენტო უმრავლესობა სამშვიდობო ფორმატზე, ოპოზიცია კი უგუნურ პოლიტიკაზე საუბრობს

მცოცავი ოკუპაცია ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება - გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების კვლავ გამოჩენას კანონმდებლები ეხმაურებიან.

ოპოზიცია ბორდერიზაციის პროცესის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობასა და ხელისუფლების მუდმივად დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს, უმრავლესობა კი ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად სამშვიდობო ფორმატის შენარჩუნებას ასახელებს.

„ვიმედოვნებ, რომ ყველა იმ საერთაშორისო ფორმატში, რომლითაც ხდება მშვიდობიანი მოლაპარაკების კოორდინაცია შევძლებთ, რომ ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული, ამ ეტაპისთვის მთავარი მიღწევა შეიძლება ითქვას, რომ ომიდან 10 წლისთავზე ჩვენ სამშვიდობო ფორმატს ვინარჩუნებთ მასშტაბური ინტერვენციების შესახებ,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მარიამ ჯაში.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ბორდერიზაცია არ შეჩერებულა, ხელისუფლება კი მომხდარ ფაქტზე პოსტფაქტუმ რეაგირებს.

„საკმაოდ დიდი ტერიტორია დავკარგეთ ამ ბორდერიზაციის შედეგად, სამწუხაროა,რომ საქართველოს ხელისუფლების რეაგირება არის ყოველთვის დაგვიანებული, ყოველთვის ჯერ რაღაც ხდება და შემდეგ რეაქციის რეჟიმშია ხელისუფლება. ჩვენ ის დროც გვახსოვს, როცა ამბობდნენ, რომ პირიქით რეაგირება საჭიროც კი არ არის“-ამბობს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი რუსული მცოცავი ოკუპაციის გააქტიურებას ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას უკავშირებს.

„ეს ჩვენ მივიღეთ საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში ატარებს. ეს დაწოლა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მიდიოდეს, ნამდვილად ავიტანდით ყველა, მაგრამ საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ოკუპანტებმა სოფლის გასასვლელთან სათვალთვალო კოშკი დაამონტაჟეს. რუსი მესაზღვრეები სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან ატარებენ.

დღის ამბები