17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა საერთოდ უნდა გაუქმდეს - ოპოზიცია ეკა ბესელიას ინიციატივას ეხმაურება

საპარლამენტო ოპოზიციას ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" დაპირისპირებულმა წევრებმა თავი მოაწონონ.

„ბიძინა ივანიშვილისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი მორჩილება. მისთვის აუცილებელი გახდა მონური მორჩილება. ამიტომ ნებისმიერი შეწინააღმდეგება ან განსხვავებული აზრი "ქართულ ოცნებაში" ისჯება და ამ დასჯის მთავარი მსაჯულიც და მოსამართლეც არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ დღეს არის სრული დაბნეულობა საპარლამენტო უმრავლესობაში. რეალურად ის შენარჩუნდება თუ არა ქაღალდზე მნიშვნელობა არ აქვს. გუნდი არის მორალურად განადგურებული. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ როგორი ხერხები იქნა გამოყენებული საკუთარი კოლეგების დასასჯელად  თუ გასაძევებლად,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეკა ბესელიას ინიციატივასთან პრინციპული წინააღმდეგობა არ აქვს „ევროპულ საქართველოს,“ თუმცა გიგა ბოკერია ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერება არ არის საკმარისი. მისი თქმით სჭიროა ძირეული რეფორმა.

 „იმ ვითარებაში, რომელიც დღეს არის შექმნილი, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს ყველა დონეზე, მაგრამ  მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება და აქ საჭირო არის პარლამენტის როლის ზრდა კონკრეტული მექანიზმების ჩადება თუ როგორ მოხდება ინდივიდების გაცხრილვა. და რაც მთავარია, იმ ექსკლუზივის გაუქმება, რომელიც დღეს აქვს იუსტიციის საბჭოში ამ კლანს იმისთვის, რომ პარლამენტამდე საერთოდ მოაღწიონ კანდიდატურებმა უზენაესი სასამართლოსი,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"პატრიოტთა ალიანსი" კი ინიციატივით გამოდის, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესება საერთოდ მოიხსნას. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ის ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„თანამოაზრეები ვართ იმასთან დაკავშირებით რომ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული რეფორმის გატარება. არა თუ უნდა შეჩერდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, საერთოდ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ უვადოობის სისტემაზე მოსამართლეთა დანიშვნის ნაწილში. ქართული სახელმწიფო არ არის მზად ამისთვის. არ არის მზად არც მოსამართლეთა კორპუსი, ამიტომ ჩვენ უფრო მეტ ამოცანას ვსახავთ უვადოდ დანიშვნა მოსამართლეების საერთოდ უნდა გაუქმდეს,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები