03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
მულტიკლიმატიზატორი - ორი ქართველი მეათეკლასელის გამოგონებით ნასა დაინტერესდა

მულტიკლიმატიზატორი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა უკვე უწოდეს უნიკალური გამოგონება, ორ მეათეკლასელს ეკუთვნის.

ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა მოწყობილობა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შექმნეს. დანადგარი ატმოსფეროში ტენიანობას, წნევას და ტემპერატურას სრული სიზუსტით ზომავს.

16 წლის ახალციხელი მოსწავლეების გამოგონებით ნასას ინოვაციების ცენტრი დაინტერესდა.

საკუთარ ნამუშევარს ნასას სამეცნიერო ცენტრში თავად გამომგონებლები წარადგენენ. მათ უკვე მიიღეს მიწვევა ფლორიდაში ნასას ინოვაციების სამიტზე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მათი ასაკის მოსწავლეები მონაწილეობენ. ქართველი გამომგონებლები წელს ამ სამიტზე კონკურსგარეშე იქნებიან.

ქართული გამოგონება უკვე გადის ექსპერიმენტს, თუ რამდენად შესაძლებელია გარემოზე დაკვირვებით მოსავლის განადგურების თავიდან აცილება. კვლევებმა აჩვენა, რომ მოწყობილობამ შესაძლოა ფერმერებისთვის დადებითი შედეგები მოიტანოს.

ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა საქართველოში უკვე მოიპოვეს წარმატება. მათმა გამოგონებამ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში უმაღლესი შეფასება მოიპოვა. სწორედ აქ მიღებული დაფინანსების შემდეგ მოზარდებმა საკუთარი გამოგონების გაუმჯობესება დაიწყეს.

ორი მეათეკლასელი ფლორიდაში, ნასას ცენტრში აპრილში გაემგზავრება.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, მაია იველაშვილი.

დღის ამბები