03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
სამგორის გამგებელს ავტომობილის დაწვის მცდელობაზე სავარაუდო ეჭვმიტანილი ჰყავს

სამგორის გამგებელს მამუკა ჩოქურს მისი ავტომობილის დაწვის მცდელობაზე სავარაუდო ეჭვმიტანილი ჰყავს. თუმცა მას ადრესატი არ დაუკონკრეტებია.

ჩოქურის ინფორმაციით, მის ავტომობილს ცეცხლი გუშინ ღამის პირველ საათზე განზრახ წაუკიდეს. სამგორის გამგებელი ირწმუნება, რომ მანქანას ე.წ. კოქტეილი ესროლეს.

ცეცლმოკიდებული ავტომობილი აკურის 24 ნომერში მეზობლებმა შენიშნეს. ისინი ჰყვებიან, რომ თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი ცეცხლის ლოკალიზება თავადვე შეძლეს.

აკურის 24 ნომერში, სადაც გამგებლის ავტომობილი დაწვეს, რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. მათ შორის აფთიაქის კამერები, რომელმაც, სავრაუდოდ, შემთხვევა გადაიღო. ფარმაცევტის ინფორმაციით, ჩანაწერებში სავარაუდო ეჭვმიტანილიც ჩანს.

გამგებლის ავტომობილის დაწვის ფაქტზე განცხადება დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიამ დააანონსა, რომ გამოძიებას საინტერესო შედეგები ექნება, თუმცა დეტალები თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია.

სისიხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ქონების ან ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებამ გაშიფრა თუ არა სათვალთვალო კამერები და ჰყავთ თუ არა სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი, რადგან შსს-ში ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ნიკა ლეჟავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები