17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დღითიდღე უარესდება - ზალკალიანი 

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება ქვეყანაში - ეს იყო მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს, ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ამ მიმართულებით დავით ზალკალიანმა აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ გააკეთა და განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობების საქმეზე ჯერ კიდევ არ აღსრულებულა მართლმსაჯულება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა.

„ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებათა ეთნიკურად მოტივირებული დარღვევები, სიცოცხლის უფლების ხელყოფა,  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური დაბრკოლებები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ოკუპირებულ რეგიონებში არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეზე ჯერ კიდევ არ აღსრულებულა მართლმსაჯულება. ამ კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წევრ სახელმწიფოთა მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერას, რათა აღიკვეთოს ადამიანის უფლებათა შემდგომი დარღვევები. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ეთნიკურ წმენდას დაქვემდებარებული ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ მოკლებულია საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას,”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები