03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზის სკანდალური ვერსია - რა კავშირი აქვს დამხმარე პილოტს ტრაგედიასთან?

საფრანგეთის ალპებში გერმანული ლაინერის კატასტროფის სკანდალური ვერსია ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ ეარბას 320, სადაც 150 ადამიანი იმყოფებოდა, პილოტმა შეგნებულად ჩამოაგდო.

ამ დასკვნამდე სპეციალისტები შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რატომ გადაწყვიტა 28 წლის მფრინავმა ლაინერის განადგურება.

გამოძიება ახლა ცდილობს დაადგინოს, რატომ გადაწყვიტა დამხმარე პილოტმა ლაინერის განადგურება. შავი ყუთის ჩანაწერიდან ისიც ირკვევა, რომ კაბინიდან გასული კაპიტანი ბოლო წუთამდე ცდილობდა კარის შემტვრევას.

მის თხოვნაზე კი დამხმარე პილოტი არ რეაგირებდა. ექსპერტები მფრინავის ცუდად ყოფნას გამორიცხავენ. აუდიოჩანაწერში მისი სუნთქვის ხმა ისმის, რაც ადასტურებს, რომ ის თავს კარგად გრძნობდა.

სამართალდამცველებმა ანდრეას ლუბიცის ბიოგრაფია შეამოწმეს. ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლშიც, თუმცა ამ დროისთვის საეჭვო ვერაფერი იპოვეს. დამხმარე პილოტის გვარი არც ტერორისტთა სიაში ფიგურირებს. 

ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 150-ივე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 16 ბავშვი. დაღუპულთა ნათესავები დღეს ტრაგედიის ადგილზე ჩაიყვანეს.

გამოძიება და სამაშველო ოპერაცია საფრანგეთის ალპებში მესამე დღეა გრძელდება. აღმოჩენილია რამდენიმე ცხედარი, სამძებრო სამუშაოებს რთული რელიეფი აფერხებს.

დღევანდელი სკადალური ვერსიის გახმაურების შემდეგ ნორვეგიულმა ავიაკომპანიამ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პილოტის კაბინაში ორი ადამიანის ყოფნა სავალდებულო გახადა.

ავტორი - თამარ ჭავჭავაძე

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები