17 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
„რუსთავი 2"-ის საქმე, სასამართლო სისტემა, მუხთარლის გატაცება" - ექსპერტების კრიტიკული ანგარიში ბრიუსელში

ხელისუფლების გავლენების ქვეშ მოქცეული სასამართლოს გამო ევროკავშირმა საქართველოს დემოკრატიის ინდექსი დაწია. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკეს. ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში მოხვდა ზეწოლა მედიაზე, „რუსთავი 2"-ის საქმე, აფგან მუხთარლის გატაცება.

ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, თამარ ხიდაშელი აანონსებს, რომ მომავალი დასკვნა შესაძლოა, საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე იყოს. იურისტის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმე და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ინდექსზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.

ექსპერტების შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმე საქართველოსთვის ერთ-ერთ შავ ლაქად რჩება.

„დავა დამოუკიდებელი ტელეარხის, „რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება. ანგარიშის მომზადების პერიოდში ასევე ცხადი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მმართველი პარტიის სასარგებლოდ. საქართველოსთვის ერთ-ერთ შავ ლაქად რჩება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარება. ანგარიშზე მუშაობის პერიოდში ამ საქმესთან დაკავშირებით არ დამდგარა რეალური შედეგები. გამოძიების შედეგები არ არსებობს დღესაც. პოლიტიკური ზეწოლა სასამართლო სისტემაზე პრობლემად რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია. სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული შეშფოთების შესახებ 5 დღის წინ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს დიპლომატიურ კორპუსსაც, რაც პირველად მოხდა,“- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. თამარ ხულორდავა, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა, ამბობს, რომ ანგარიშს არ იცნობს, თუმცა მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში საქართველო ლიდერია.

ხულორდავამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დასაძლევად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

 

დღის ამბები