ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, შესაძლოა, შეიწყალონ. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი გლდანის ციხის სამედიცინო ცენტრში პატიმარ მღვდელს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. გასაიდუმლოებული შეხვედრა თითქმის 3 საათს გაგრძელდა. მეუფე ანტონს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა კამერების გარეშე სურდა. ეპისკოპოსი ამბობს, რომ პატიმარ მღვდელს პრეზიდენტი შეიწყალებს.
საპატრიარქო შეწყალების რეკომენდაციის გაცემაზე 2 წელი ფიქრობდა. რა გარემოებამ უბიძგა დათმობაზე წასვლა, უცნობია. გახდა თუ არა პატიმარი მღვდლის სკანდალური წერილი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, სინოდის წევრები ხმამაღლა არ საუბრობენ. მეუფე ანტონმა დღეს დეკანოზ მამალაძესთან ვიზიტის შემდეგ დაადასტურა, რომ საუბრის ძირითადი ნაწილი სწორედ სკანდალურ წერილს დაეთმო.
რა შეთანხმება შედგა პატიმარ მამა გიორგი მამალაძის ოჯახსა და საპატრიარქოს შორის, უცნობია. დღეს ამ თემაზე არც მამა გიორგი მამალაძის ძმა და არც ადვოკატები აღარ საუბრობენ. ციხის საავადმყოფოს საკანში პატიმარი მღვდელი დღეს პარლამენტარმა ელენე ხოშტარიამ მოინახულა. დეპუტატი ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე დანაშაულებრივი შეთქმულების მსხვერპლია.
როდის შეიწყალებენ დეკანოზ მამალაძეს ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია, რომ სინოდი იმსჯელებს და საბოლოო ვერდიქტს პრეზიდენტს გადაუგზავნის. ამის შემდეგ უკვე საუკუნის საქმეზე დაპატიმრებული მღვდლის თავისუფლებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.