ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზის მოსანახულებლად "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია მივიდა.
დეპუტატი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა. ის უკვე შევიდა ციხის ტერიტორიაზე.
„პირველ რიგში მე გიორგისაც და მის ოჯახსაც აღვუთქვი გვერდში დგომა ამ კრიზისის დროს. იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის რაღაც უსამართლობის მსხვერპლი. ამ ბურუსით მოცულ საკითხში არცერთი ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია და მეტიც, ჩვენ რასაც ვისმენთ, ეს რაღაც შანტაჟის და ტყვეობის სახეს იძენს უკვე. რა თქმა უდნა, ამ მდგომარეობაში, როცა საფრთხის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, მინდოდა, რომ საავადმყოფოში მენახა, რომ ზუსტად ვნახო, როგორ გრძნობს თავს... პრაქტიკულად, შანტაჟია ჩვენ რაც მოვისმინეთ, რაღაცას თუ იტყვის, მაშინ შევიწყალებთ. საერთოდ, ჩემი საქმე არ არის საპატრიარქოს წესები როგორ მოქმედებს, მაგრამ ადამიანურადაც აბსოლუტურად გაუგებარია. საპატრიარქო გვერდზე რომ გადავდოთ, სახელმწიფო როგორ შეიძლება რომ ასეთ თამაშებში შედიოდეს და გარიგებებში შედიოდეს და ასე ისჯებოდეს ადამიანი, ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოდგენილია,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
მამა გიორგი მამალაძის სანახავად ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონიც იმყოფება. მეუფეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად უცნობია, რა საკითხებზე ისაუბრებს მსჯავრდებულთან. სავარაუდოდ განცხადებას მიტროპოლიტი შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
არ არის გამორიცხული, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა შეწყალების საკითხის გარდა, დეკანოზის მიერ სასულიერო პირებისთვის გამოგზავნილი წერილიც იყოს. რამდენიმე დღის წინ მეუფე ანტონიმ დიდი ინტერესი გამოთქვა იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ ოთხ მღვდელმთავარს გაუგზავნა.