„ბატონმა მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა წერილი, ჩვეულებრივ ფურცელზე კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია,“ - ეს განცხადება პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს იმ შუამავლის ვინაობა არ დაასახელა, ვინც მისი თქმით, წერილი გადასცა.
დაიბარებენ თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრს გამოკითხვაზე იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც მისი მისამართით ხაზარაძემ გააჟღერა, პროკურორმა კომენტარი არ გააკეთა.
„აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით შუამავლის დასახელებას, მას გააჩნია ვალდებულება, რომ დაასახელოს შუამავლის ვინაობა, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ის შუამავალს არ ასახელებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ამ ქაღალდს, სადაც არის აკრეფილი კომპიუტერზე ტექსტი, არანაირი მაიდენტიფიცირებელი საშუალება არ გააჩნია და შუამავალთან დაკავშირებითაც გაგეცით პასუხი. შინაარსობრივი მხარე, ეს წერილი ჯერ ჩვენ არ გადმოგვცემია. სასამართლოს აქვს ამ ეტაპზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ, რომ ამ წერილის წარმომავლობა დადგინდეს,“ - განაცხადა პროკურორმა.
სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გუშინ გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის შემცველი წერილი მისწერა.
თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.
ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.