საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი ირაკლი კვარაცხელია სენაკის საკათედრო ტაძრიდან ცოტა ხნის წინ გამოასვენეს. 29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, 4 წლის წინ ააგეს. წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.
„ნაწამები რომ არის ბავშვი ხომ ეტყობა. აბა გალში თავის მოსაკლავად ხომ არ წავიდოდა. ეს არის ნაწამები,“-აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვაზე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ხელისუფლების პირველი პირები არ გამოჩენილან, დაკრძალვაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიცია მივიდა. ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, ხელისუფლების პოლიტიკის და დაუსჯელობის სინდრომის შედეგია.
„კონკრეტულ ბოროტებას, კონკრეტული ადამიანები ჩადიან, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ. მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს პატივს არ სცემენ მისი მეგობრები და საქართველოსი აღარ ეშინიათ მის მტრებს. ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის ეკისრება პირველ რიგში. შეუძლებელია ქვეყანამ აიტანოს როდესაც ასე მის შვილებს კლავენ და ხელისუფლება იმდენსაც კი არ აკეთებს, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოაქციოს ეს ადამიანები ვინც ეს ტრაგედია თავს დაატეხა ამ ოჯახებს,“-განაცხადა გიგი უგულავამ.