ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება - "წამებისა და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის" წარმომადგენლებს, მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს და ექსპერტებს აინტერესებთ, იმ შემთხვევაში, თუ კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო, რას შეეძლო ირაკლი კვარაცხელია თვითმკვლელობამდე მიეყვანა.
„სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, არაადამიანური მოპყრობის ქეისი, რასაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზაზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საკმაოდ არაადამიანური პირობების მქონე ე.წ. კარცერში, პატიმრობის ოთახში, იზოლატორში, სადაც გაეროს მინიმალური სტანდარტებიც კი პატიმრობის არის დარღვეული და შესაბამისად, რა თქმა უნდა წინ უძღოდა ადამიანის გარდაცვალებას, გარკვეული ან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა,“ - განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა.
ოკუპირებულ რეგიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე, არაერთი დაზიანება აღმოაჩნდა. ექსპერტი ირაკლი თოიძე ჭრილობების მიყენების დროის დადგენას ითხოვს. მისი თქმით, აუცილებელია გაირკვეს როდის არის მიყენებული ჭრილობები - სიცოცხლის დროს თუ გარდაცვალების შემდეგ.
„კისრის არეში აღენიშნებოდა სტრანგულაციური ღარი, ეს დამახასიათებელია ჩამოხრჩობისთვის თოკის ან რაიმე მსგავსი შეიძლება მავთული იყოს ან სხვა მსგავსი საგანი. მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში მარცხნივ სისხლნაჟღენთის სახით საეჭვო იყო იმიტომ, რომ გვამი უკვე ლპობაში იმყოფებოდა, ამიტომ, აღებული იქნა გვამური მასალა ამ მიდამოებიდან და გადაგზავნილი ლაბორატორიაში და ისინი მოგვცემენ პასუხს ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული,“ - განაცხადა ირაკლი თოიძემ.
კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ერთ თვეში გახდება ცნობილი.
ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი ამტკიცებს, რომ ირაკლი კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო. თუმცა გარდაცვლილის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ის მოკლეს.
ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო დააკავეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.