03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
76 წლის იუბილე გურამ დოჩანაშვილმა მეუღლესთან ჯვრისწერით აღნიშნა

მწერალი, რომლის ნაწარმოებებზეც თაობები გაიზარდა, იუბილარია. გურამ დოჩანაშვილის 76 წლისაა. 

მწერლის იუბილე ზუგდიდში შედგა. გურამ დოჩანაშვილმა დილა თანამედროვე სკოლის დათვალიერებით და გათიშული ტელეფონით დაიწყო. ყველაზე მეტად ახალგაზრდებთან შეხვედრა უყვარს, მათი აზრების მოსმენა და საკუთარის გაზიარება. 

საკუთარ შემოქმედებაზე არ ლაპარაკობს, ქებასაც უხერხულად ისმენს. მისთვის სამშობლოს სიყვარული აუცილებლობაა, ამიტომ არც იმ პერიოდს იხსენებს, როცა დისიდენტობისთვის დააპატიმრეს და არც იმას, თუ როგორ ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს. 

76 წლის იუბილე გურამ დოჩანაშვილისთვის დასამახსოვრებელი და ტკბილად მოსაგონი რომ იქნება, ამას კიდევ ერთი ფაქტი განაპირობებს - მწერალმა მეუღლე ნათელა სეფიაშვილთან მრავალწლიანი თანაცხოვრობის შემდეგ ჯვარი დაიწერა და უფლის წინაშე ფიცი დადო. 

დოჩანაშვილისა და სეფიაშვილის ამბავი სტუდენტობიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც ნათელა სეფიაშვილი პირველი, ხოლო გურამ დოჩანაშვილი მესამე კურსის სტუდენტი იყო. უკვე 50 წელია ერთად არიან და გადიან გზას, რომელიც ისტორიაში დარჩება. 

წყვილი პატრიარქმა დალოცა და საქორწინო საჩუქრად ქალბატონ ნათელას ბეჭედი უსახსოვრა. ცოტა ხნის წინ კი თბილისში მათი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. პატრიარქის ნაჩუქარ ბეჭდს ვერ მიაკვლიეს.

ქალბატონი ნათელა იხსენებს, რომ შეძლებულად არასდროს ცხოვრობდნენ და მატერალური მხარე მათთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო.

როგორც ამბობს, გურამ დოჩანაშვილისთვის მთავარია ჰქონდეს ფურცელი, კალამი და მშვიდი გარემო.

მწერლის ახალი რომანი საზოგადოებისთვის ცოტა ხანში გახდება ხელმისაწვდომი. გურამ დოჩანაშვილი ახალ რომანზე უკვე მეხუთე წელია მუშობს. „ბრმადყოფილი” ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით იქმნება. უსინათლოს ამბავი, რომელსაც მაცხოვარმა თვალი აუხილა, მწერალის ახალ ნაწარმოებს უდევს საფუძვლად.

 

 

 

დღის ამბები